დავით ზალკალიანი: გაერო-ს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებით, რომელიც შექმნილია

“გაერო-ს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებით, რომელიც შექმნილია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციის მხარდასაჭერად ხმების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„მერწმუნეთ, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი. ხმების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება, შარშანდელთან შედარებითაც გაიზარდა (80 ქვეყნის მხარდაჭერა და 57 თანასპონსორი), რაც ჩვენი დიპლომატიური სამსახურისა და მისიების მხრიდან ყოველდღიურ, კოლოსალურ შრომას მოითხოვს.

იმ პირობებში, როდესაც რუსეთს უშიშროების საბჭოს ფორმატი დაბლოკილი აქვს საქართველოს საკითხის განხილვისთვის, ჩვენ მაინც ვახერხებთ უშიშროების საბჭოს ფორმატში ჩვენი საკითხების აქტუალიზაციას, გენერალური ასამბლეის ფორმატიც მაქსიმალურადაა გამოყენებული. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებით, რომელიც შექმნილია, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია განდევნილი საკუთარი სახლიდან. ზეწოლა იქნება მუდმივი. მომავალ წელსაც გვექნება ეს რეზოლუცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები