ზაზა გახელაძის ოჯახმა შესაძლოა, ცხინვალში ჩასვლა და მისი მონახულება შეძლოს

„განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში – ზაზა გახელაძის მოსანახულებლად“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული, რიგით მეასე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რათა ეს პროცესი არ დაზიანდეს, მაგრამ კონსულტაციები გრძელდება ამ საკითხზე. თავად ეს ფაქტი უკვე მრავლისმეტყველია. როგორც მოგახსენეთ, განიხილება ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების ცხინვალში ვიზიტის შესაძლებლობა. ამ იდეამ ჰპოვა გამოხმაურება და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი ვიზიტის თარიღსა და ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისივე განცხადებით, დაპირება, რომ ზაზა გახელაძე და უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ სახლს, კვლავ ძალაში რჩება.

ოჯახის თქმით, თუ ზაზა გახელაძის დაბადების დღემდე, 23 ივნისამდე ცხინვალის ციხიდან არ გაათავისუფლებენ, რადიკალურ ზომებს მიიღებენ და მიზანმიმართულად გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს და ოკუპანტებს თავს დააჭერინებენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები