ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა.
აღნიშნული კურსის მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდა, დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვა და მხარდაჭერა. შესაბამისად, ამ კატეგორიის დანაშაულებზე მუშაობას ის პროკურორები და სისტემის გამომძიებლები ახორციელებენ, რომელთაც სპეციალური სასწავლო კურსი აქვთ გავლილი.
4-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოს. სწავლება ასევე, დაზარალებულთან/მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მოძალადისა და მსხვერპლის მახასიათებლებს და მათთან კომუნიკაციის სტრატეგიებს მოიცავდა.
მთავარი პროკურორის ბრძანებით, 2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობას და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები ახორციელებენ. საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.