ნატო-ს კომუნიკე: მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება – შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები და მოქალაქეების შევიწროება

ნატოს წევრები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. ამის შესახებ ნატო-ს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები და მოქალაქეების შევიწროება.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომელიც მან სამივე ქვეყანაში განათავსა, მათი თანხმობის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო მოუღოს ამ რეგიონების მილიტარიზაციას და ძალისმიერ მცდელობას, დააშოროს ეს რეგიონები დანარჩენ საქართველოს, რასაც რუსეთი აგრძელებს საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები