სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ, პირიქით, გრძელდება პროვოკაციები და ადამიანების გატაცებები საოკუპაციო ხაზზე
“ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ, პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედათან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე ფიზიკური მისვლა, ალბათ, სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა.
„სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არა თუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, გახელაძის მაგალითი არის ასეთი, სამწუხარო. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას. საოკუპაციო ხაზზე ფიზიკური მისვლა, ალბათ ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს მეგობრებსა და სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუველ კოლეგას უმასპინძლა.