დავით ბაქრაძე: როგორც მიცვალებულის გაცოცხლებასა და გაპატიოსნებას არ აქვს აზრი, ისე – ოქტომბრის არჩევნებისა და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას
დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვას არ აპირებს.
მისივე თქმით, 8 თვის განმავლობაში უპატრონოდ ჩაკეტილი ყუთების გახსნას აზრი აღარ აქვს.
„როგორც მიცვალებულის გაცოცხლებასა და გაპატიოსნებას არ აქვს აზრი, ისე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნებისა და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას. ამიტომ, თავი უნდა დაანებოს ყველამ ამ ზედმეტ პოლიტიკურ ეშმაკობას. როდესაც 8 თვის განმავლობაში ყუთები უპატრონოდ არის ჩაკეტილი, ამ ყუთების გახსნით შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო. ვინ იცის, რა იყო იმ ყუთებში და რა ხდებოდა 8 თვის განმავლობაში? ეს სრულიად უპერსპექტივოა და ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.