მეუფე იაკობი – სააკაშვილზე: ჩამოვიდეს და შემხვდეს – რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!
„მიშა რომ ჩემზე რაღაცებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ბელადომანიას უნდა მოეშვას.
„მიშა რომ ჩემზე რაღაცებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა?! ბოლო-ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ! ბიძინა ხომ წავიდა, ეგეც წავიდეს და თავი გაანებოს, მერე მელიაც სხვანაირად მოიქცევა და ხალხიც სხვანაირად დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში? 2012-ის არჩევნები გაიხსენონ, 2013-ის და მიხვდებიან, რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ, ბატონო! თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ. თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრი. მაგენი კიდევ უცხოეთში გარბიან. მელია ხომ დაიჭირეს? – ვაჟკაცურად მოიქცა – დარჩა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები – ლენინი ხარ ფინეთში?!”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.