სანდრო რაქვიაშვილი: რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება
“რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება საბოლოოდ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერი განცხადებების გაკეთებისას იტყუება ან თანამდებობაზე ყოფნისას მარიონეტი იყო.
„გახარია იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი და ორი ალტერნატივაა – ან იტყუება ან მარიონეტი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ბევრად დიდი მოლოდინი მქონდა გახარიასგან და არ მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური მომავალი აქვს, თუ ასე გააგრძელა. თუ ადამიანი ამბობს, რომ კორუფციაა ქვეყანაში ან ამის რისკები არსებობს, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რადგან პირველი პირი იყო ქვეყანაში. ისეთი მაგალითი უნდა მოიყვანოს, რომელიც დაგვაჯერებს, რომ ჰქონდა მცდელობა პრობლემის გამოსწორების და ვერ გამოასწორა, რაღაც გარემოებების გამო, თუნდაც, არაფორმალური მმართველობის, მაგრამ კონკრეტული მაგალითია საჭირო. რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება საბოლოოდ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.