შალვა პაპუაშვილი: დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის კედლებს შიგნით
პარლამენტში იქნება პარტია, რომელიც უარს ამბობს დეპოლარიზაციაზე და დემოკრატიულ პროცესში თანამშრომლობაზე, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის კედლებს შიგნით, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვიცით, რომ „ლეიბორისტული პარტიიდან“ ერთი ადამიანია, ვინც არ შემოვა პარლამენტში, ასევე „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია უარს ამბობს პარლამენტში შემოსვლაზე.
ასე, რომ ხვალიდან თითქმის სრული შემადგენლობა იქნება პარლამენტის და გადავდივართ უფრო სხვა რეჟიმზე. გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე, ანუ უარს ეუბნება ევროპულ და ამერიკულ გზას საქართველოს დემოკრატიის განვითარების, მოსალოდნელია, რომ პარლამენტშიც იგივე დესტრუქცია იქნება გადმოტანილი, დავაკვირდებით და ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა, საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულად თანამშრომლობას, თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.