თეა წულუკიანი – გახარიაზე: მასთან მუშაობა ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული, რა მოხდა განა ისეთი, რომ რამდენიმე საათში თუნდაც ჩემი საქმიანობა გახდა საკრიტიკო
“მასთან მუშაობა ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული, ის იყო სწრაფი გადაწყვეტილების მიმღები პირი. რა მოხდა განა ისეთი, რომ რამდენიმე საათში თუნდაც ჩემი საქმიანობა გახდა საკრიტიკო”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჭორაობა ის არის, როდესაც გუნდის წევრები დადიან რეგიონებში და „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს ატყუებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარგზავნილები არიან პარტიის წიაღში.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს სისუსტის უფლება, მეორე თემაა, რომ ჩვენ ეს სისუსტე შევაფასოთ. ყველას აქვს უკან შემობრუნების უფლება და ჩვენი უფლება არის ამის საპირწონედ, რომ ეს უკან დაბრუნება შევაფასოთ, ამას ვერავინ აუკრძალავს, ისევე როგორც ვერც წასვლას და ვერც უკან დაბრუნებას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ როდესაც შემოდიხარ სცენაზე, უნდა ელოდო იმასაც, რომ შეფასებები იქნება და ფაქტები იქნება შეფასებული რეალობიდან გამომდინარე. ჭორაობა ის კი არ არის, რომ პარტიის დამფუძნებელი იძულებული ხდება, განცხადება გაავრცელოს და გითხრას, ჩემს სახელს ნუ იყენებო, ჭორაობა სწორედ ის არის, დადიოდე „ქართული ოცნების“ პარტაქტივში და ამბობდე, თითქოს, ხარ ამავე პარტიის პროექტი „ბ“.
ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ის იყო ჩვენი ხელმძღვანელი და მაინტერესებს, რა არ მოსწონდა ჩემს საქმიანობაში. მასთან მუშაობა ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული, ის იყო სწრაფი გადაწყვეტილების მიმღები პირი. რა მოხდა განა ისეთი, რომ რამდენიმე საათში თუნდაც ჩემი საქმიანობა გახდა საკრიტიკო. მე მინდა, კითხვები მოვისმინო ღია ეთერში. გუნდის ყველა წევრი მზად იქნება იმისთვის, რომ პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც თურმე მას დაუგროვდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.