ფილიპ რიკერი: 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს, ეს არის ნატო-სკენ მიმავალი გზა

“19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს, ეს არის ნატო-სკენ მიმავალი გზა”, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ნატო-ს კარი ღიაა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში, 14 ივნისს გაიმართება ნატო-ს სამიტი და პრეზიდენტი, უკვე პირველად პრეზიდენტის რანგში, მოუთმენლად ელის ამ სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, საქართველო არის ძალიან მტკიცე პარტნიორი ნატო-სი, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა და ეს საკითხები დღესაც იყო განხილვის თემა ჩემი შეხვედრების დროს პრემიერმინისტრთან, თავდაცვის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩვენი ურთოერთობებისა და კავშირების კიდევ უფრო გამოხატვა და კვლავ დადასტურება.

მოგეხსენებათ, წინა კვირას საქართველოში იმყოფებოდა კონგრესმენთა დელეგაცია და მათაც ისაუბრეს ამ საკითხზე, იმ ძალიან ნათელ გზაზე, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს. ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი რეფორმები დემოკრატიის, ეკონომიკის, უფრო ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის გზით. ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა, 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის ნატო-სკენ მიმავალი გზა.

მოგეხსენებათ, ეს შეკრება და სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, ნატო-მ გასულ წელს მიიღო 30-ე წევრი, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც შეუერთდა ნატო-ს და გახდა მისი წევრი. ასევე, ამ სამიტზე განხილული იქნება ნატო-ს სამოქმედო გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ის გამოწვევები, რაც არსებობს დღესდღეობით ნატო-ს წინაშე, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, ჩინეთის საკითხზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება, განიხილება საკითხები, რაც ემსახურება ნატო-ს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები