მეუფე ნიკოლოზი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: მოსამართლემ განაჩენი ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით გამოიტანა
ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისივე თქმით, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება.
„მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ისევ სამართლებრივი წესით შეიძლება ამ განაჩენის გასაჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით. ეს ჩანაწერი მეუფე სპირიდონის მიერ იყო გადაღებული, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა, სადაც აღელვებული ბავშვი ამბობს, რომ არსად წასვლა არ უნდა. ამ ჩანაწერში, ცხადია, დარღვევები იყო, რადგან ბავშვების სახე არ იყო დაფარული, ბავშვი აღელვებული ჩანდა. მეუფე სპირიდონმა ვერ გადაიღო ისე რომ, გამოჩენილიყო თუ რა იყო აღელვების მიზეზი. ეს დარღვევაა და საკმარისი აღმოჩნდა, რათა მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო, რომელიც, ჩემი აზრით, ნაჩქარევი და არასწორია. წაიკითხეთ სასამართლოს განჩინებაში და ორგანიზაციაში, ვინც იჩივლა, რაც მოგიყევით ზუსტად ეს წერია. ბოლო ორი დღეა, თითქმის უწყვეტ რეჟიმში კამერების წინ ვარ, რათა ეტაპობრივად მომეყოლა, რა ხდებოდა პანსიონში. ამ წუთასაც არის სახალხო დამცველების ჯგუფი და ჩვენ წინასწარ შევთანხმდით პროცედურულად რა და როგორ მოხდებოდა. მათი მოთხოვნა იყო, რომ რამდენიმე ღამე პანსიონში დარჩენილიყვნენ. ჩვენ ასეთი პირობა შევუქმენით, იცხოვრონ იქ, იმუშაონ რამდენი ხანიც დასჭირდებათ და მათი თანდასწრებით შეუძლებელია, კიდევ რაღაც ეჭვები აღიძრას. იმდენი სოცმუშაკია, რამდენიც საჭიროა. მე თავად ვიყავი ჩასული, ყველას ვესაუბრე და ბავშვის ფსიქოლოგები არიან ჩამოსულები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებს შეკითხვები არასტრესულ ვითარებაში დაუსვან. პანსიონში თუ რაიმე ტიპის დაბრკოლება წარმოიშვა, თუ სახალხო დამცველი შესვლას ითხოვდა, არ უშვებდნენ და ეს კანონდარღვევაა, მაგრამ კანონდარღვევაც სამართლებრივი დავაა. პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს, არც ერთ სახალხო დამცველს, ომბუდსმენი დაახლოებით 1.5-2 წლის წინ იყო ჩემთან ეპარქიაში, მონიტორინგი ჩაატარა და შევხვდით. მივიჩნევ, რომ კარგი შეხვედრა გვქონდა და მსგავსი არაფერი მას არ უთქვამს. როგორც კი ჩვენს ყურამდე მოვიდა, შეიქმნა საპატრიარქო კომისია და შევუშვით, რა თქმა უნდა, სჯობს ყველაფერი გახსნილი იყოს, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ერთია, რა ხდება ბავშვთა სახლში და მეორეა, როგორ იქცევიან სახალხო დამცველები და თუ მათ მიმართ ეჭვია ესეც სამართლებრივად უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.