მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს რომ საქალაქო სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილება გაასაჩივრონ
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელიც საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე შექმნილი კომისიის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ იცნობენ სასამართლოს გადაწვეტილებას. მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ თუ შესაძლებელი იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„არ ვიცი, რა განჩინებაა, არ ვიცი, რა ტიპის გადაწყვეტილებაა მიღებული და თუ შეიძლება გასასჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვნახოთ, რა არის და როგორ არის და ამის მიხედვით“, – განუცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა „რუსთავი2-ს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.