ვეფხვია გულედანი: „ნაციონალური მოძრაობა“ გაბუტული ბავშვის პოზიციიდან შევიდა პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა

„ნაციონალური მოძრაობა“ გაბუტული ბავშვის პოზიციიდან შევიდა პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვეფხვია გულედანმა განაცხადა.

გულედანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„პირველ ყოვლისა, გვსურს, შევეხოთ იმ აჟიოტაჟს, რომელსაც რამდენჯერმე გამოვეხმაურეთ და ვთქვით, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა: ოპოზიციის ერთობა, რომელიც თვეების მანძილზე ვიხილეთ, ისეთი მყარი არ იქნებოდა, როგორიც ჩანდა. პროცესები ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდით. რაზეც ოპოზიციური ერთობა იყო დაფუძნებული, სიცრუე აღმოჩნდა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არჩევნების გაყალბება უბრალოდ იყო თემა, რომელზეც ეს ყველაფერი უნდა აგებულიყო. მაგრამ ეს თემა არგუმენტებით გაჯერებული არ იყო. ყველა მიხვდა, რომ ეს წაგებული თამაში იყო და მიიღეს გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის სახით ევროპის შემოთავაზებას დასთანხმებოდნენ, რათა პროცესების სტაბილიზაცია მომხდარიყო. ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოს გადადგმული ნაბიჯი, თითქოს, ისინი განაწყენებულები არიან ევროპაზე და გაბუტული ბავშვის პოზიციიდან შევიდნენ პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ეს ცალკე განსჯის საგნად იქცა ევროპისთვის. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კრიტიკით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას.
ვფიქრობთ, „ქართული ოცნება“ ამ პირობებში საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, მიშელის დოკუმენტს პირველმა მოაწერა ხელი იმ პირობებში, როცა ოპოზიციამ დააანონსა, რომ ის ამ დოკუმენტს არ მიიღებდა. „ქართულმა ოცნებამ“, პირველადი თანხმობის საფუძველზე, ევროპის, მიშელის წარმომადგენლობის კეთილგანწყობა მოიპოვა იმის გამო, რომ ისინი კონსტრუქციულები არიან“, – განაცხადა ვეფხვია გულედანმა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა და ოპოზიციის ბოიკოტმა ქვეყანა აზარალა.

„საბოლოოდ რა მოგვიტანა ამ პროცესებმა: გადავხედავთ სურათს და მივხდებით, რომ მივიღეთ ის, რაც არჩევნების დასრულების დღიდან უნდა მიგვეღო, ანუ პარლამენტი, სადაც ოპოზიციის წევრები არიან წარმომადგენლები. პარლამენტი, რომელიც უნდა მიგვეღო არჩევნების მეორე დღეს, მივიღეთ 6-7 თვის შემდეგ. ამ პერიოდში მივიღეთ აქციები, ლარის კურსის ზრდა, ქვეყანაში ნებისმიერი ფორმით დესტაბილიზაცია აჩენს გარემოს, სადაც ინვესტორი ნაკლებად ინტერესდება, შესაბამისად, მივიღეთ ნაკლები ინვესტიცია, კრიტიკა პარტნიორებისგან, დასავლეთისგან. ფაქტობრივად, ჭიქაში ქარიშხალი დავატრიალეთ, სახელმწიფო ვაზარალეთ. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და აზროვნებაა. იმედი მაქვს, ამით ყველა ჭკუას ისწავლის.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები ჩამოფრინდნენ. ეს არის ღია მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველო ამერიკის პარტნიორია. მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვეფხვია გულედანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები