ბიბილოვი – “სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს, საზღვრის დემარკაცია წლის ბოლომდე დასრულდება”
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრის სადემარკაციო სამუშაო ფინალურ სტადიაზეა და უახლოეს დროში შესაძლოა, წლის ბოლომდე პროცესი დასრულდეს.
ამის შესახებ მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.
“პრინციპში, ამ საკითხის საბოლოო მიზანი უკვე დასახულია. ჩვენმა სამუშაო ჯგუფებმა დაასრულეს ყველა სამუშაო და ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. რჩება მხოლოდ ამ საზღვრების იურიდიულად ფორმალიზება. დოკუმენტის ფაქტობრივი ხელმოწერა უახლოეს მომავალში მოხდება. სავსებით შესაძლებელია, წლის ბოლომდე, შესაძლოა – უფრო ადრეც ”, – თქვა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი აბსოლუტურად პირობითია.
”ვთვლი, რომ სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის ნაწილი და ამას არ ვმალავ. აღსანიშნავია, რომ ამაზე არამხოლოდ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი საუბრობს – ამაზე საუბრობს რესპუბლიკის მოსახლეობა. აღნიშნული სურვილი მათ უკვე ბევრჯერ გამოთქვეს”, – განმარტა ბიბილოვმა.