შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია – გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება
“დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ იქ არსებულ პირობებს და შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ.
„გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდეც. იცით, რომ პანსიონატში სოციალური მუშაკი იმყოფებოდა. დარწმუნებული ვარ, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ იქ არსებულ პირობებს. შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ. როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს, აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს, სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.