თეა წულუკიანი ქვემო ქართლის რაიონული სამსახურების მუშაობას გაეცნო
იუსტიციის მინისტრმა ქვემო ქართლის რაიონული სამსახურები მოინახულა. თეა წულუკიანი მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, რუსთავისა და გარდაბნის ოფისებს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მათ საქმიანობას. სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი რეგიონული ოფისების თანამშრომლებსაც ესაუბრა და ინფორმაცია მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც თანამშრომლებს აწუხებთ. წულუკიანი დაინტერესდა, კონკრეტულად, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ სამსახურების მუშაობა კიდევ უფრო გამართული გახდეს, მოქალაქეებმა კი სერვისები სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ.
რეგიონული ოფისების პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარების პროცესშია და მასზე იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს. იუსტიციის მინისტრი საქართველოს ყველა რეგიონში სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მუშაობას პირადად გაეცნობა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი გურიის, იმერეთის, სამეგრელოს და კახეთის რეგიონული სამსახურების მუშაობას უკვე გაეცნო.