„პროგრესის ცენტრმა“ ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის თემაზე დისკუსია გამართა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ დისკუსია გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა არსებული გამოწვევების მიმოხილვას და ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობისათვის საჭირო ინსტრუმენტებზე მსჯელობას.
,,პროგრესის ცენტრმა“ წარმოადგინა მოხსენება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში საჭირო ცვლილების შესახებ, სადაც საუნივერსიტეტო სივრცეებში ერთადერთ მმართველ ორგანოდ სტუდენტური თვითმმართველობაა წარმოდგენილი და აკრძალულია პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაკა ტოხიშვილის თქმით, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ახალგაზრდები პრაქტიკულ პოლიტიკურ გამოცდილებას საუნივერსიტეტო სივრცეში ვერ იღებენ.
„ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. მხოლოდ 6% არის ჩართული სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობებში, რაც ნიშნავს რომ ახალგაზრდები ფაქტობრივად საკუთარი მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობას არ იღებენ. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ საუნივერსიტეტო სივრცე მათ პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ვერ აძლევს. პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა უმაღლესი განათლების შესახებ კანონით არის აკრძალული, შესაბამისად დღეს შევიკრიბეთ, რათა ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს მექანიზმი. რა საფრთხეები არსებობს, რა უპირატესობები აქვს პოლიტიკაში ჩართულობას და ერთობლივად ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის მექანიზმები“ – განაცხადა მაკა ტოხიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენლის, სალომე წერეთლის გაცხადებით, პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ქვეყნის საყრდენს და მომავალს.
„მომავალში სწორედ ჩვენ, ახალგაზრდები მივიღებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და წარვმართავთ პროცესებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ჩართულები პოლიტიკაში. დღევანდელი შეხვედრაც ამ თემას ეხებოდა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების გამართვა, სადაც ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვსაუბრობთ და ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა ჩავრთოთ ახალგაზრდები პოლიტიკაში და დავაინტერესოთ ისინი, რომ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში“ – აღნიშნა სალომე წერეთელმა.