გია აბაშიძე: რადიკალიზმი არაა პარტიის მიზანი – განაცხადა თებერვალსა და მაისში ერთსა და იმავე საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული განცხადებების ავტორმა, გიორგი გახარიამ

„რადიკალიზმი არაა პარტიის მიზანი, განაცხადა თებერვალსა და მაისში ერთსა და იმავე საკითხებზე (გადადგომა) რადიკალურად განსხვავებული განცხადებების ავტორმა, გიორგი გახარიამ. უახლოესი პერიოდი გვაჩვენებს ამ პარტიის თანმიმდევრულობის, არარადიკალურობისა და რეალურ პოლიტიკაზე ორიენტირების ხარისხს“, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნებას.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს უამრავ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

„გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომისა და ოპოზიციური ფლანგიდან პოლიტიკაში მობრუნების შესახებ სულ ვამბობდი, რომ მისგან უამრავ შეკითხვაზე ველოდი პასუხს. გუშინდელ პრეზენტაციაზე მისმა საჯარო გამოსვლამ კი წარმოქმნა გაუგებრობა (რბილადაა ნათქვამი) და ურთიერთწინააღმდეგობა (contradiction). მმართველ გუნდს განეშორა, რადგან, მისი განმარტებით, ამ უკანასკნელმა პარტიული ინტერესები სახელწმიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა. რა გამოდის, ნიკანორ მელიას საფუძვლიანი დაკავება „პარტიული ინტერესია”? თუ დაკავების დროსა და აღსრულებაზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და რა გამოდის მაშინ?.. მელია მაინც დააკავეს უპრობლემოდ და “ნაციონალური მოძრაობის” ნომინალურმა თავმჯდომარემ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ვერ დაამკვიდრა. ხანმოკლე Პოლიტიკური კრიზისი კი გამოიწვია სწორედ გახარიას მოულოდნელმა გადადგომამ. ასევე სრულიად გაუგებარია კორუფციასა და ნეპოტიზმზე თითის გაშვერით საუბარი, როდესაც პრემიერის რანგში სულ სხვა რაღაცას ამტკიცებდა პარლამენტის ტრიბუნიდან. ის, რომ ახალი პარტიის ‘ლიდერშიპი’ ტექნოკრატებით არის დაკომპლექტებული, კარგიცაა და ცუდიც. ვნახავთ, თუ რამდენად შეძლებენ საჯარო პოლიტიკურ ველზე შემოსულები არსებულზე უკეთეს, არაპოპულისტური პოლიტიკების (policies) შექმნას, ტოქსიკურ პოლიტიკურ ველზე მანევრებსა და „საქართველოსთვის“ რეიტინგისა და საარჩევნო დივიდენდების მოპოვებას. რადიკალიზმი არაა პარტიის მიზანი, განაცხადა თებერვალსა და მაისში ერთსა და იმავე საკითხებზე (გადადგომა) რადიკალურად განსხვავებული განცხადებების ავტორმა, გიორგი გახარიამ. უახლოესი პერიოდი გვაჩვენებს ამ პარტიის თანმიმდევრულობის, არარადიკალურობისა და რეალურ პოლიტიკაზე ორიენტირების ხარისხს. არაერთი განაწყენებული ოპოზიციური პარტია გვინახავს, შემდგომში მათთვის არასახარბიელო შედეგებით. დააღწევს კი თავს ამ “კარმას” გახარია? Remains to be seen… ვნახოთ, ჯერ არავინ იცის“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები