ანრი ოხანაშვილი: “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო” “ნაცმოძრაობის” ტყვეობიდან ვერ გამოდიან
“სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო” „ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობიდან ვერ გამოდიან, ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან თანხმობაშია.
„ჩვენ მზად ვართ, მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ვიმსჯელოთ, განსაკუთრებით, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, ვინც მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით, ესენი არიან „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“, რაც შეეხება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს, რადგან არათუ თავი შეიკავეს, არამედ წინააღმდეგ მისცეს ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობიდან ვერ გამოდიან. კონკრეტულ პირებზე ორიენტირებული არ ვართ და კანონში ჩანაწერს კონკრეტულ პირებზე არ ვაკეთებთ. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის სამართლიანი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და რაც მთავარია, პასუხობს ამ დოკუმენტის სულისკვეთებას. ძალიან დიდი ამბიციები და წარმოდგენები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, რომ მათ შესახებ არის რომელიმე კანონპროექტში ჩანაწერი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.