იაგო ხვიჩია – მართლმსაჯულების რეფორმაზე: დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, სასამართლოში ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ
“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება გაზიარებული იქნება, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით შესაძლოა, უკეთესი შედეგი დადგეს.
მისივე თქმით, მას ნაკლებად სჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩატარდა.
“სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია მითითებული. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი და რწმენით, რომ სასამართლოს შეიძლება, რაიმე ეშველოს ამ ქვეყანაში, ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა წავიდეთ – ამ პროცესში ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ და ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება. მჯერა, რომ ამით შეგვიძლია, რეალური გარდატეხა მოვახდინოთ, დანარჩენი, ჩემი აზრით, არის კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება.