“არ მგონია, რომ გიორგი გახარიას ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გახარიას წარმატებისთვის ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს.
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. მაგრამ მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული, მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარი არის ჩვენი გეგმა და მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.