„ქართული მარშის“ ლიდერები აზერბაიჯანის ელჩს შეხვდნენ
„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე და გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის, დმანისში განვითარებული მოვლენები, ქართულ-აზერბაიჯანული ეკონომიკური ურთიერთობა და გარეჯის საკითხი. როგორც ირაკლი შიხიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, აზერბაიჯანის ელჩს ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრების გაღრმავების დიდი სურვილი აქვს.
„შეხვედრამ ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ქართული მარში გვერდს ვერ აუვლიდა გარეჯის თემას, რაზეც ელჩმა ბრძანა, რომ როგორც ნამდვილ კეთილ მეზობელსა და ძმას, რომელთანაც აქამდე არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი არ ჰქონია, აზერბაიჯანი უჭერდა და ყოველთვის დაუჭერს მხარს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობას, რომ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი – და ამას მეც ვადასტურებ, როგორც ვეტერანი – საქართველოს მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში იბრძოდა, როგორც საქართველოს მოქალაქეს ევალებოდა.
ეს საკითხი, რომელიც უკვე მწვავეა და ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა მისი არასერიოზული, არათანმიმდევრული და მოღალატეობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, შემდგომში ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა პრემიერების პერიოდში ღია დატოვა და არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენს ძმურ კეთილმეზობლობას ჩრდილი არ მიყენებოდა.
გარეჯი საქართველოსთვის არ არის უბრალოდ ტერიტორია. გარეჯი ქართველი ერის უდიდესი სიწმინდეა და მისი დათმობა, დაკარგვა შესაძლოა, დეეთნიზაციის მიზეზი გახდეს – იმის, რაც კავკასიელ ალბანელებს დაემართათ. ქვეყანა, რომელსაც პატივი და ღირსება აყრილი აქვს და არ იცავს საკუთარ სიწმინდეს, პრაქტიკულად, ვეღარ არსებობს,“ – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ამ მიმართულებით გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს ხედავს, თუმცა მიაჩნია, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ. გარდა ამისა, „ქართულმა მარშმა“ ელჩს შესთავაზა, დააყენოს საკითხი საკუთარ ხელისუფლებასთან, რომ ვითარების გარკვევამდე ქართველმა სასულიერო პირებმა დაუბრკოლებლად შეძლონ გადაადგილება ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში.
„ელჩმა აღნიშნა, რომ გარკვეული ძვრები უკვე დაწყებულია, თუმცა არსებობენ ძალები, რომლებიც მუდამ ცდილობენ და ეცდებიან ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობების დაზიანებას. ამიტომაც რჩება ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელი.
შეხვედრამდე ჩვენ ვფიქრობდით, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანულ მხარეს „ქართული მარშის“ შესახებ არასწორი წარმოადგენა ჰქონოდა, რადგან ჩვენს გამარგინალებს ცდილობენ ფსევდო ლიბერალები და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უამრავ მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. ასე რომ, ამ შეხვედრაზე ამასაც წერტილი დავუსვით.
ჩვენი მთავარი შეთავაზება იყო, რომ ამ ძმური მეგობრობის აღსანიშნავად, იქნებ ბატონმა ელჩმა დააყენოს საკითხი თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან, რათა პირველ ეტაპზე, სანამ შეიქმნება ქმედითი კომისია, რომელიც გარეჯის საკითხს ისე გადაჭრის, როგორც ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესს შეეფერება, სასულიერო პირებმა დაუბრკოლებლად შეძლონ გადაადგილება ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში. მან ნორმალურად მიიღო ეს შეთავაზება და თქვა, რომ აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს, რაც თავის მხრივ, ბევრ მითქმა-მოთქმას შეაჩერებს.
გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან, გამოვთქვით სურვილი, მეტი თანამშრომლობა გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან, იმ ტრადიციულ და კონსერვატორულ ხალხთან, რომელიც აზერბაიჯანელი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს, რადგან მავანს არ მიეცეს ჩვენ შორის გაუგებრობების წარმოქმნისა და შემდეგ მათი გაღვივების საშუალება,“ – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ეცდება, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმ საკითხზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.