26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე დაიწყება. მას შემდეგ, რაც საქართველოს დროშა ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღიმართება, ქვეყნის მთავარ მოედანზე სამხედრო ფიცს 250-მდე ახალწვეული დადებს.
„დიდგორი მეომრის“, „დიდგორი მედევაკისა“ და „დიდგორი 3“-ის მძიმე ტექნიკას საზოგადოება პირველად ნახავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის მისიიდან ჩამოსული ქართველი ჯარისკაცები. პირველი, ვინც თავდაცვის ძალებს სიტყვით მიმართავს, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი იქნება. სიტყვით გამოვლენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები. წლევანდელი ზეიმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი პოლონეთის პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ეწვია.
ღონისძიების შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იგეგმება სიტყვით გამოსვლები.
გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრებიან.
დღის ბოლოს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
103 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან და დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლის იუბილე კორონავირუსის პრევენციის მიზნით წელსაც სახალხო ზეიმის გარეშე ჩაივლის. მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ.