საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოები ონლაინ-ღონისძიებებს მართავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, ვირტუალურ ფორმატში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის კონფერენციები და ვებინარები.

ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის თანაორგანიზებით გაიმართება ონლაინ კონფერენცია “Georgia’s road to the EU: What’s Next?”, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვლი და რომლის ფარგლებშიც მხარეები ისაუბრებენ 3 ათწლეულის მანძილზე საქართველოს მიერ ევრო-ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და ამ კუთხით მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე.
ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობას მიიღებს AIES-ის ვიდეო-კონფერენციაში სახელწოდებით: “Georgia and the Challenges in the Black Sea Region”, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში და ამჟამად არსებული გამოწვევები. 25 მაისს, გერმანიაში გაიმართება ელჩის, ლევან იზორიას ონლაინ შეხვედრა ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ამასთან, 27 მაისს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანული კვლევითი ცენტრის „Council on Geostrategy” ორგანიზებით, გაიმართება ონლაინ ვებინარი – „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი: გამოწვევები და პროგრესი”. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილესთან, ასევე, იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის საჯარო ლექციას: „იტალია-საქართველო – 100″ უზბეკეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ აბდუშელიშვილი, მსოფლიოს ეკონომიკისა და დიპლომატიის ინსტიტუტში, ონლაინ რეჟიმში წაიკითხავს საჯარო ლექციას სახელწოდებით: თანამედროვე საქართველო და მსოფლიო თანამეგობრობა”.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიმართება მიღება, 26 მაისს კი, იგივე პლატფორმით მოხდება აღნიშნული ღონისძიების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ბუენოს-აირესში მოქმედ „ლათინური ამერიკის ღიაობისა და განვითარების ცენტრთან” ერთად, 4 ივნისს დაგეგმილია ვებინარი საქართველოს ელჩის, ირაკლი ყურაშვილის მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში ელჩი ისაუბრებს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განვლილ ტრანსფორმაციაზე, სხვადასხვა დროს არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებზე. 15 ივნისს კი, ფინეთში გაიმართება ვებინარი – “30 Years of Independence – Countering Old Threats in New Forms”. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იაპონიაში, გაიმართება „ონლაინ ქართული სუფრის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ჩართვა იაპონელი „თამადის კლუბის” წევრების მონაწილეობით, ასევე ამოქმედდება საელჩოს მიერ შექმნილი ვებ-გვერდი „GeorgiaKeizai”, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ამასთან, ესტონეთში იგეგმება ელჩის, არჩილ ყარაულაშვილის შეხვედრა-დისკუსია ესტონეთის დიპლომატიური სკოლის სტუდენტებთან თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოწვევები და მიღწევები დამოუკიდებლობის 30 წლისათვის” და ტარტუს უნივერსტიტეტთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ონლაინ ლექციის გამართვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ესპანეთის მთავრობის, ბიზნესწრეების წარმომადგენლებისა და ქართველი სტუდენტებისათვის, ევროპის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში, მადრიდის IE უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, „საქართველო – ღვინის აკვანი”-ს პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები