ლევან ვასაძე: გამოვდივართ ინიციატივით, ჩატარდეს რეფერენდუმი, უნდა აშენდეს თუ არა „ნამოხვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად
პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებით, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამოხვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ, ცესკო-ში შევიტანოთ ეს განაცხადა, მარტივი ფორმულირებით, შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მოგვეცეს ბლანკები ან ბიულეტენები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რომელსაც ისევ მივიტანთ ცესკო-ში. ეს რაოდენობა თუ არ ვცდები, არის 200 ათასი. ვადა გვაქვს სამი თვე. ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას. არსებობს პროცედურები პარლამენტში და პრეზიდენტთან, რომლის გავლის შედეგადაც, ეს საკითხი უნდა დადგეს რეფერენდუმზე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.