ნიკა მელია: შეხვედრებზე მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს – რას, რა გეგმით, ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი რესურსი ამოწურა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მისი თქმით, შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
“გრძელდება შეხვედრები, ყველა საკითხი არის ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. აქ არ ეხება საქმე მხოლოდ ერთ საკითხს, იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს მომავალში ,,ნაციონალური მოძრაობა”, სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს შემდეგს – რას და რა გეგმით ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც ამოწურა საკუთარი რესურსი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაგებიც არის ყველასთვის, რომ ამ ტიპის შეხვედრების გარეშე, გუნდი საერთო სტრატეგიაზე ვერ და არსად ყალიბდება. ისინი, ვისაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ გუნდურად იასპარეზონ, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ. დღეს მაქვს შესაძლებლობა გორში, რომ თანაგუნდელებს ვესაუბრო და მივიღოთ გადაწყვეტილება არა ერთ, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.