დავით სერგეენკო: ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, “ნამოხვანჰესის” მშენებლობის თემაზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, “ნამოხვანჰესის” მშენებლობის თემაზე სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

სერგეენკოს თქმით, მას სჯერა, რომ კომუნიკაცია ეფექტური იქნება.

„ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, ასეთ რეზონანსულ საკითხში, როგორიცაა „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის თემა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის. მჯერა, რომ კომუნიკაცია ეფექტური იქნება და მისაღები კომპრომისი იქნება. ულტიმატუმებით საუბარი რთული იქნება, რომ შედეგზე ორიენტირებულ მიდგომად მივიჩნიოთ. კომუნიკაცია არის სწორი, რათა სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები