“ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას განაცხადა.
ჰარცელი აკადემიის რექტორსა და სტუდენტებს შეხვდა.
„ევროკავშირი წლებია, თანამშრომლობს საქართველოსთან საზღვაო თემასთან დაკავშირებით. ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე – გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია. ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ჰარცელმა.