საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, იწყება საგარეჯოდან 12 კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება. “გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. მოვლა-შენახვის ფარგლებში იგეგმება დამატებით სამი კილომეტრის მოასფალტება, რაც უკვე სრულად მოაწესრიგებს დავით გარჯდე მისასვლელ გზას. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დასრულდა, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.