“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კახა კუჭავასა და დელეგაციის წევრებთან. ახალ სპიკერს მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში. უნდა შეუერთდნენ პარლამენტს, ვინაიდან ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა. კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული. ეს დასაწყისია რეფორმების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო პროევროპული საქართველოს მხარდამჭერი და ასეა დღესაც“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.