გია ვოლსკი – ნიკა მელიაზე: თავის უფროსთან წავიდა ადამიანი, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა, ეს უნდა განიხილოს

“თავის უფროსთან წავიდა ადამიანი, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა, ეს უნდა განიხილოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოსლკიმ ნიკა მელიას უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა დესტრუქციაა.

,,ნიკა მელია რატომ წავიდა სააკაშვილთან, ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს – თავის უფროსთან წავიდა ადამიანი. გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა, ეს უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული.

მოცემულობაა, რომ სააკაშვილია ლიდერი და ვინც იტყვის, რომ ლიდერი არაა და პოლიტიკიდან უნდა გავიდეს, სააკაშვილმა მათ მიმართ ძალიან ხისტი შეფასება გააკეთა. საკმაოდ დამთრგუნველი და დამამცირებელი შეფასება იყო მათ მიმართ, ვინც გაიფიქრებს, რომ სააკაშვილი ჩამოსცილდა პოლიტიკას და არ ხელმძღვანელობს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა დესტრუქციაა. ამაში ჯდება ნიკანორ მელიას დანაშაულებრივი ქმედებებიც. დანაშაულია, როცა პარლამენტში იჭრები. ასეთივე ამოცანა იყო მისი ციხეში მოხვედრა და პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება. არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული და იმსჯელებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებზე. საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ კიევში ვოიაჟიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის გარკვეული გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები