გიორგი ბარამიძე: მინდა, ნიკა მელიას მივულოცო გმირული ბრძოლის გამარჯვებით დასრულება
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პარტიის ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მელიას გირაოს თანხის გადახდა უპრეცედენტო ფაქტია.
“პირველ ყოვლისა, მინდა, ნიკას მივულოცო თავისი ვაჟკაცური, გმირული ბრძოლის კარგად და გამარჯვებით დასრულება, ეს არის მისი პრინციპულობის, სიტყვის გაუტეხლობის, ბრძოლის შედეგი. უპრეცედენტო რამ მოხდა, ევროკავშირმა, რომელიც თავის დროზე აშშ-სთან ერთად ჩაერთო საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში, გადაიხადა ნიკას გირაო, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა”, – განაცხადა ბარამიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.