ირაკლი ზარქუა: ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია
“ნიკა მელიას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან თავის პარტიაში რებრენდინგი დაიწყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია კანონის შესაბამისად დაიჭირეს.
„ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. მან სახელმწიფოს ინსტიტუციების წინააღმდეგ რომ გაილაშქრა, არ გადავიხდი გირაოს, ვერ დამიჭერთო, კანონის შესაბამისად დაიჭირეს. მერე იყო საუბარი, რომ გირაოს არ გადავიხდიო. პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა და გირაოს გადახდა გაუხანგრძლივა. შემდეგ, როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს, მერეც იყო შეთავაზება, რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას გირაოს გადახდა შეეფარდებოდა და ისე გამოვიდოდა, ამაზეც უარი თქვა და თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან თავის პარტიაში რებრენდინგი დაიწყო, ახალგაზრდები მიიყვანა. ჩემთვის პირადად საინტერესოა იმ ახალგაზრდებთან დებატები და დისკუსია, ვიდრე, მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესა და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა. დღეს კიდევ მოვისმინეთ მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. მარტივია, გადაიხადოს გირაო. თავის ხელშია, დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა. ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო“, – განაცხადა ზარქუამ.