“მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა”
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
მისივე თქმით, ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარია და მასზე საზოგადოებამ, დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას.
„როგორც ჯანდაცვის მინისტრს, შემიძლია, დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ, სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესში. მინდა, აღვნიშნო, რომ პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამებსა და განსხვავებულ გამოწვევებთან. სწორედ ამიტომ, მინდა, ვისარგებლო ამ ტრიბუნით და საზოგადოებას მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ. მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, აქტიურად გამოიყენონ ინდივიდური დაცვის საშუალებები და, რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარი და მასზე ჩვენმა საზოგადოებამ, დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას. ვაქცინაცია ჩვენი უფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.