ირაკლი კობახიძე: მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან
“გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით განხილვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გუშინ იყო.
„გვქონდა განხილვა ამ კანონის და, პრინციპში, არსებითად პოზიციები არის ერთგვაროვანი, იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონდათ, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან დაკავშირებით, თორემ რეალურად არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს. პრინციპული სხვაობა არ არის ორ კანონპროექტს შორის. თუ მიზანი არის, რომ იყოს ორი კანონპროექტი, ეს მათი არჩევანია, თუმცა რეალურად შეიძლებოდა ერთი კანონპროექტის ინიცირება. ჩვენ უკვე დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოსა და ამნისტიას, ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის კანონში”, – განაცხადა კობახიძემ.