პროფკავშირების გაერთიანება: “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისში ხელი მოეწერება შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით

ხვალ, 12:00 საათზე “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისში ხელი მოეწერება შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია მაღაროელების გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელმოწერილ დასტურზე, რომ პროფკავშირმა ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ შემოთავაზებებს მხარი ოფიციალურად დაუჭიროს. მაღაროელების თანხმობის გამოხატვა პროფკავშირმა ითხოვა და მისი მიზანია, ადმინისტრაციასთან შეთანხმება ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდეს, რაც მაღაროელები წინადადებებს დათანხმდებიან.

,,აქვე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების წინადადება პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის ხანგრძლივი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა. კოლექტიურ დავაში, რომელიც 2021 წლის 1-ელ აპრილს დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორიც იყო ჩართული. ასევე, მედიატორის გარეშე გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში, დავის საგანთან – დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატება-ინდექსაციის საკითხზე, კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გამართული მრავალჯერადი და ინტენსიური შეხვედრა-მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. 2021 წლის 1-ელი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).

2. დასაქმებულებს წელიწადში ოთხჯერ – შობის დღესთან, აღდგომის დღესთან, სამთოელის დღესა და გიორგობის დღესთან (23 ნოემბერი) დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.

3. 2021 წლის 1-ელი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).

4. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.

5. უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს, რომლითაც დარეგულირდება როგორც კომპანიის, ასევე, პროფკავშირისა და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და პარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვის.

6. მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარე შეთანხმება გახდება მისი განუყოფელი ნაწილი.

7. წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდეს მასზე ხელმოწერის მომენტიდანვე.

მხარეთა შორის წარმოშობილი კოლექტიური დავის საფუძველი ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა – საწვავსა და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, რაც დასაქმებულთა გაღარიბებას იწვევს. წინამდებარე შეთანხმებით, ჭიათურელი მაღაროელების სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები კომპანიის მხრიდან შესაძლებლობის მაქსიმუმია და ეს ცხადჰყო მძიმე და ინტერნსიური მოლაპარაკებების პროცესმა, რომელიც მიმდინარეობდა 24-საათიან რეჟიმში და როგორც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ასევე, დარგობრივი და ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლების მიერ, კოლოსალური ძალისხმევა იქნა გაწეული შეთანხმების მისაღწევად”, – ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები