ფრიდონ ინჯია: სასიამოვნოა, რომ დღეს ვხედავთ იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც უნდა აღმშენებლობა, გუშინდელ პარლამენტს მართლაც აკლდა მათი ხმა
„ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში რომ კანონი და სამართალი სათანადო დონეზე ყოფილიყო ან ყველასთვის ერთი კანონი ყოფილიყო, დღეს ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა.
„სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, იყო გარეთ და სრულიად გაუგებარი მოთხოვნები გქონდეს. ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში მართლაც დიდი შრომა ჩადეს, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო, რომელსაც ჩვენც, „ევროპელმა სოციალისტებმა” მოვაწერეთ ხელი იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ეს ჩვენს პატარა ქვეყანასა და ამ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით, ძალიან სჭირდება. ახლა მთავარია, სრულფასოვნად შევასრულოთ ის შეთანხმება და მივიყვანოთ ბოლომდე, რაზეც ხელი მოვაწერეთ”, – განაცხადა დეპუტატმა.
ფრიდონ ინჯიამ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოხატა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ერთგვარ ტრადიციად იქცა პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა.
„ახლა როგორ გავარკვიოთ ჩვენ, ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესქტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც უკანონო ქმედებებს სჩადიოდა.
ერთს მივუდგეთ როგორც გასანთავისუფლებელს და შეეხოს ამნისტია და მეორეს, იმას, რომლებიც აკეთებდნენ თავიანთი მოვალეობიდან გამომდინარე, თავდადებით, იმას ეს არ შეეხოს? ჩვენ, „ევროპელ სოციალისტებს” გვაქვს იდეა, იმისთვის, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, მაშინ არ იქნება ის მეოთხე თუ მეხუთე ეტაპი, როდესაც კვლავ იქნება ვინმეს განთავისუფლდების მოთხოვნა. ვინც კრიმინალია, ის ისევ იქ იქნება, მე მაქვს მხედველობაში, ვისაც მისჯილი აქვს. ამით ჩვენ დიდ ეკონომიას გავუკეთებთ სახელმწიფოს და კიდევ, არ იქნება სასპეკულაციო თემა”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.