გიორგი ხოჯევანიშვილი: იქმნება ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტი

„მე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა, მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო იმ კონკრეტული საკითხებით, რომელიც დღეს ჩვენს მოქალქეებს აწუხებთ, მათ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული. არავისთვისაა სიახლე, რომ მძიმე სოციალური ფონია შექმნილი ქვეყანაში და ამას კონკრეტული საქმით რეაგირება სჭირდება”, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ეკონომიკურ ვითარებას ოკუპაციის მძიმე ტვირთიც ემატება.

„ სამწუხაროდ, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, ამჯერად უკვე ქარელის მუნიციპალიტეტში, და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა. ეს არის ის საკითხები, რაც დღეს პირველ რიგში ხელისუფლების და პოლიტიკოსების მთავარი თემა უნდა იყოს და, პრინციპში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გაცვლიან თუ არა ერთმანეთში სავარძლებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ნაწილში რომ დღეს, როდესაც შეთანხმება უკვე გაფორმდა, მხარეებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის შესრულებაზე. აქაც ვხედავთ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს.

როდესაც ჩვენ, გახარიას გუნდის წევრებმა ღიად ვთქვით, რომ არ იყო იდეალური შეთანხმება, ჩვენ ვგულისხმობდით შეთანხმების იმ ნაწილსაც, რომელიც ერთის მხრივ, ითვალისწინებდა კრიმინალურ საქმეზე სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის შეწყალებას, ხოლო მეორეს მხრივ, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმის კრიმინალურ საქმეზე ამნისტიის შესაძლებლობას.

არავინ დავობს იმაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებულის მიმართ კანონის აღსრულების პროცესში „ქართული ოცნების” გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ეს თემა აქცია ჯერ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, ხოლო შემდეგ თავსმოხვეული ამნისტია. იქმნება სახიფათო პრეცედენტი ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების. ფასი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის, ძალიან მაღალია.

ჩვენ გახარიას გუნდის წევრები, უმოკლეს ვადებში კონკრეტული დღის წესრიგით ქვეყანაში საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს წარმოვადგენთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული,

ბოლოს აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების- გახარიას ჯგუფის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია „ქართულმა ოცნებამ”, არ მუშაობს. მე, უბრალოდ, ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, რომ ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და, უფრო მეტიც, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ. მინდა გავამხნევო ჩვენი თანამოაზრეები და ვუთხრა მათ, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი დღეეები წარსულში დარჩება და ჩვენ ყველანი წავალთ წინ”, -განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები