ბექა დავითულიანი: მნიშვნელოვანი დღეა იმით, რომ დაკარგული თვეების შემდეგ ოპოზიცია შემოვიდა ამ დარბაზში და აქ ასახული სურათი, როგორც იქნა, მიუახლოვდა ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმით, რომ დაკარგული თვეების შემდეგ ოპოზიცია შემოვიდა ამ დარბაზში და ამ დარბაზში ასახული სურათი, როგორც იქნა, მიუახლოვდა ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას”, – ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და თავისი სახელი უნდა დაერქვას იმას, რომ ეს თვეები ტყუილად დაიკარგა ცრუ ნარატივზე აგებული პოლიტიკის შედეგად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.
„ამას არავითარი წონადი არგუმენტი ზურგს არ უმყარებდა. ზურგს არ უმყარებდა არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტისა და საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა. ასევე უნდა დავარქვათ სახელი იმას, რომ თუ ვინმე პოლიტპატიმარს ეძახის თავის თავს ამ ქვეყანაში და ნიკა მელიას ვგულისხმობ, ის საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების პატიმარია და ამას დღევანდელი მოვლენებიც გვიდასტურებს.
ამ დარბაზში დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ ახალი ფურცლის გადასაშლელად და მე იმედი მაქვს, რომ ამ ფურცელს გადავშლით და დავიწყებთ მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე საუბარს და შეთანხმებას ამ ქვეყნის მომავალზე. ვინაიდან იმ გეოპლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება და პანდემიის დამანგრეველი ეფექტის გათვალისწინებით, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა, როცა ჩვენ შეგვეძლება ნაკლები დანაკარგებით ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქ ერთად შეკრებით, აქ ჯდომით და რეალური საკითხების განხილვით, არა გამოგონილ ცრუ ბრალდებებზე თვეების გაყვანით, ჩვენ შევძლებთ ამ დარბაზში დავბადოთ იმედი ჩვენი მოსახლეობისთვის და არა ნიჰილიზმი და ამ ქვეყნიდან გაქცევის სურვილი”, – განაცხადა დავითულიანმა.