მიხეილ დაუშვილი – „კერძო სექტორის სიძლიერე განაპირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას”
„დღეს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და დასაქმება, სიღარიბე და დამძიმებული სოციალური პირობები. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა კერძო სექტორის მხარდაჭერის გზით. სწორედ კერძო სექტორის სიძლიერე განაპირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას”, – ამის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში კერძო სექტორის მხარდაჭერისა და სტიმულირების მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა, თუმცა, დღეისათვის ეს მხარდაჭერის პროგრამები თითქმის დასრულდა. მისი თქმით, კერძო სექტორის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების მხრიდან, კერძო სექტორის სტიმულირება.
„ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი სტიმულირების პაკეტების შემუშავებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე. ისმის კითხვა, რას აკეთებს დღეს ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენისთვის, რა გეგმა გაქვთ კერძო სექტორის განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერისა და სტიმულირებისთვის. მარტო ხომ არ ტოვებთ მათ მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე სწორედ ესენია უმნიშვნელოვანესი კითხვები რომლებიც ჩვენს მოქალაქეებსა და მეწარმეებს გააჩნიათ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.