იაგო ხვიჩია: მინდა, სანამ მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ
პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს კოლეგებს შეთანხმების მიღწევა მიულოცა.
ხვიჩიამ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება საზოგადოებას იმედს არ გაუცრუებს.
“გილოცავთ შეთანხმების მიღწევას. მე მინდა, რომ ამ შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს ქართულ საზოგადოებას და მართლა შევრიგდეთ. მე მინდა, რომ ნიკა მელია იყოს აქ, თან მალე და მზად ვარ, ეს პროცესი ჩვენი შერიგებით დაიწყოს. მე მინდა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე სანამ კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ, რომ არ გამოგივიდეს ისე, რომ მოყვასს გავუკეთოთ ის, რაც არ გვინდა, რომ ჩვენ გაგვიკეთონ. მე მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს პარლამენტი. დიდი ხანია, ეს შენობა არ ყოფილა იმ გაგებით პარლამენტი, რა გაგებითაც მე პარლამენტი წარმომიდგენია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.