დავით უსუფაშვილი: აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ
“აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.
,,გუშინ მელიამ განაცხადა, რომ თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვნენ თანახმა. ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა. ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, იქნება ეს ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ. მოვედით, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, დავარწმუნოთ კოლეგები, ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, რამ შეიძლება, დაგვაბრუნოს ბოიკოტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.