გიორგი ვოლსკი: ამნისტია პოლიტიკური აქტია, რომელიც ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით
“ისეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და სხვაც მასზე აყოლილია, მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ – აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში.
,,ამნისტია პოლიტიკური აქტია, რომელიც ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე უნდა აიღონ, გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ – აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში. არც პოლიციელების ადვოკატი ვარ, მით უმეტეს, არც მელიასა და რურუასი, არც იმ ხუთი პიროვნების, ვინც გირაოთი დროებით არიან გამოშვებულები, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება, რაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის ამ აქტით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. ისეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და სხვაც მასზე აყოლილია, მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.