გიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელია ხვალ იქნება, ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული დატოვებს
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოუწევს მელიას გათავისუფლება.
მისივე თქმით, პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი.
“ნიკა მელია ხვალ იქნება, ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ, დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების, გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება. ნიკას პოზიცია საჯაროდ ცნობილია – მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და მოძალადეები, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს ერთ პლატფორმაში იყვნენ განხილულნი”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თანაგუნდელები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთავის ციხესთან დასრულდება.