2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობდა ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო, ანალიტიკური და პრევენციული მოქმედებების განხორციელებას. კორუფციის აღმოფხვრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო პრევენციაზე დამყარებული ღონისძიებების განხორციელებისა და კორუფციული ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთისაკენ.

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა ეფექტიანი და პროაქტიული ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება და ამ მიმართულებით, მყარი ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება. 2020 წელს მიმდინარეობდა ანტიკორუფციულ სააგენტოში შექმნილი კორუფციის პრევენციის სამსახურის შემდგომი განვითარება და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყება, აქტიურად იყო ჩართული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა. 2020 წელს ანტიკორუფციულ სააგენტოში შესაძლო დანაშაულის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან შემოვიდა 55 განცხადება. აქედან, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, 12 განცხადების საფუძველზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება, 12 მათგანზე მიმდინარეობს შესწავლა, 23 განცხადება, კომპეტენციის გათვალისწინებით, გადაიგზავნა სხვა უწყებებში, ხოლო 8 განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი, მათ შორის ქრთამის აღების ან/და ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები