გიორგი ხელაშვილი: ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია პრეზიდენტის გულისწყრომა, რურუას შეწყალებაზე კორექტული განცხადება გამოვთქვით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი გიორგი რურუას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით კორექტული განცხადება გააკეთა.

“ვერ გეტყვით, ქალბატონი პრეზიდენტი კონკრეტულად რის გამო გვსაყვედურობს, რომ ჩვენ მისი სახელი არასწორად გამოვიყენეთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით შეწყალებას, პრეზიდენტს არ გავაკრიტიკებთ ამ შესაძლო გადაწყვეტილების გამო. მან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია მისი გულისწყრომა. მე ვფიქრობ, ძალიან კორექტული იყო ჩვენი მხრიდან გამოთქმული, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით რურუას შეწყალებას, თუკი პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს, ამ შემთხვევაში, ჩვენს პრეზიდენტს არ გავაკრიტიკებთ. ეს იყო სრულიად კორექტული დათქმა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ემთხვევა თვითონ პრეზიდენტის პოზიციას და, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას”, – განაცხადა ხელაშვილმა “დღის კურიერში” სტუმრობისას.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა დღეს განაცხადა – “გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არაერთხელ, ორჯერ, რომელიც, ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას. ის ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები