ლაშა ხუციშვილი – ევრობონდების განთავსების გამჭვირვალობაზე: ჩვენი სტრატეგია იყო გამართლებული და სწორი

დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ასევე, გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა ევრობონდების გამოშვების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მოკლებული იყო პროფესიონალურ შეფასებებს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„გასული კვირიდან მოყოლებული ჩვენ ვისმენთ გარკვეულ აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა ამ პროცესში. მოვისმინეთ აბსურდული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ქვეყანა დეფოლტამდე მივიდეს. ასევე, ის რომ ვერ დავფარეთ, შემდეგ ვერ გამოვუშვით ახალი ობლიგაციები. ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვიყავით, მაშინვე ადეკვატური პასუხი გაგვეცა ამ მოსაზრებებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი მოიცავდა გარკვეულ კონფიდენციალურ, პროფესიულ სტანდარტს. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაციის გამჟღავნების უფლება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროცესი არ დაგვეზიანებინა. საბოლოო ჯამში, გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი სტრატეგია, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა გამოშვების დროს. სხვა დროს, ამგვარი ტიპის კომენტარებსა და მოსაზრებებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებთ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად ყოველგვარი პროფესიონალური მოსაზრებისგან დაცლილი, ზოგ შემთხვევაში კი, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადებები, რაც არსებითად საინტერესო არ არის არც მოსახლეობისთვის, არც პროფესიული წრეებისთვის და საფინანსო სექტორისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, განთავსებისთვის შერჩეული იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც დაიფარა ევრობონდები. „მნიშვნელოვანი იყო ახალი გამოშვება არ გამოცხადებულიყო ძველის დაფარვამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მოგვიწევდა ორი სესხის გადახდა და გარკვეული პერიოდი მოგვიწევდა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ეს თანხა რეალურად გვქონდა ბიუჯეტის ანგარიშზე, მნიშვნელოვანი იყო ინვესტორებისთვის გვეჩვენებინა, რომ რეფინანსირება გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ თანხის მობილიზება ვერ შევძელით, არამედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყო ესეთი ტიპის „Banchmark”-ი და ქვეყანას მიეღო დამატებითი ფინანსური რესურსი. ამ მიმართულებით, გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც და ითქვა, რომ შესაძლებელი იყო სრულად დაფარვა და არ განხორციელებულიყო რეფინანსირება, თუმცა პანდემიიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც მომდევნო პერიოდში ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, მიზანშეწონილად ჩაითვალა და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად, რომ მომხდარიყო აღნიშნული სესხის რეფინანსირება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები