“ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ მოქმედებებს, ვცდილობთ, რომ გავერიდოთ ამ პროცესებს”, – ამის შესახებ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა – ვარლამ გოლეთიანმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გრძელდება.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მზადდებოდა პროვოკაცია იმ ადგილზე, სადაც ვმართავთ აქციას. არის სხვადასხვა სოლიდარული ჯგუფი, რომელიც ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებენ. იმისთვის, რომ არ უმტყუნოთ ადამიანებს ემოციებმა და იქ არ მომხდარიყო პოლიციის მხრიდან პროვოცირება, რაღაც პროვოკაციების თავის დაზღვევის მიზნით გადმოვინაცვლეთ მეტნაკლებად უსაფრთხო ადგილზე.
მკაფიოდ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ მოქმედებებს. ვცდილობთ, რომ გავერიდოთ ამ პროცესებს და მშვიდობიანი ფორმით გავაგრძელოთ პროტესტი,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ – დიალოგისთვის პრემიერთან ან მის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა და “გუმათჰესთან” რკინის ბარიკადების აღება. დღეს ადგილზე ჩავიდნენ ვიდეობლოგერი – დომენიკ მანგო და “ქართული მარში”.