ნინო წილოსანი: უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, ალბათ, საპარლამენტო შემადგენლობიდან უნდა გავიდნენ
“ვთვლი, რომ უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდური არჩევანია.
„გუშინ ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგების მხრიდან გაჟღერებული იქნა, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ და, თავისთავად, თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდური არჩევანია. თუმცა, მეც ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. არ უარვყოფ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი“, – განაცხადა წილოსანმა.